02 ნოემბერი 2017

მაჯის არხი არის ერთგვარი გვირაბი ხელის გულის მხარეს, რომელშიც განთავსებულია  9 მყესი და შუათანა ნერვი. მყესები აკონტროლებენ თითების მოძრაობას, შუათანა ნერვის დამსახურებით შევიგრძნობთ ხელის გულს, მაჯას, ცერა თითს, საჩვენებელ თითს, შუა თითს და არათითის.  

კარპული არხის სინდრომი იჩენს თავს მაშინ, როდესაც გვირაბი ვიწროვდება ან მასში არსებული მყესები ფართოვდება. აღნიშნული მოვლენა ზეწოლას ახდენს შუათანა ნერვზე, რაც იწვევს კარპული არხის სინდრომს. 

მაჯის არხის სინდრომის პირველი გამოვლინებაა თითებზე დაბუჟების შეგრძნება. ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება ფიქსაციით, მტევნის ერთ პოზიციაში დაფიქსირებით, რის შედეგადაც შუა ნერვზე იხსნება ზედმეტი დატვირთვები. ეს მეთოდი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ტკივილი აწუხებს ღამით. თუ დისკომფორტი გრძელდება დღის მანძილზეც ფიქსაციით მკურნალობა არ არის საკმარისი და საჭიროა ხშირი შესვენებების აღება განმეორებადი აქტივობების დროს. ასევე სასარგებლოა პერიოდულად მაჯების გავარჯიშება და თითების გაჭიმვა. ტკივილის ამცირებს იბუპროფენი, ნაპროქსენი ან ასპირინი. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა, დააცხროს ანთებითი პროცესიც.

რთულ შემთხვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდული ჰორმონის ინექცია უშუალოდ მაჯის არხში. თუ ზემოხსენებული მეთოდები მხოლოდ დროებითი შვების მომგვრელია პაციენტისთვის, მაშინ რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა, რომლის მიზანია შუათანა ნერვზე დაწოლის შემცირება განივი კარპული იოგის ამოჭრის გზით. 

ტრადიციულად, ოპერაცია სრულდება ღია წესით. ქირურგი ჭრის ხელის გულის მცირე ზონას კარპული არხის ადგილას და ლოკაციას ათავისუფლებს იოგისაგან. ალტერნატიული საშუალებაა ენდოსკოპიური ქირურგია. ამ შემთხვევაში ქირურგი იყენების ენდოსკოპს, მოწყობილობას, რომელზეც მიმაგრებულია პატარა კამერა. ენდოსკოპის დახმარებით ხდება იოგის ჩაჭრა. 

ასევე არსებობს ულტრაბგერითი ტექნიკა იოგის ამოსაჭრელად. ქირურგი ან კვალიფიციური ექიმი ულტრაბგერითი სურათის მეშვეობით მართავს ინსტრუმენტს მაჯის არხში. აღნიშნული ტექნიკა შედარებით ახალი მეთოდია და დღესაც განიცდის განვითარებას. პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს ექიმის ოფისში ადგილობრივი ანესთეზის გამოყენებით. 
რაც უფრო მალე დაიწყება კარპული არხის მკურნალობა მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი. რაც უფრო ხანგრძლივად განიცდის შუათანა ნერვი ზეწოლას, მით უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლია მას. თუ ნერვი ძალიან დიდიხანი იმყოფება შეკუმშულ მდგომარეობაში, ხშირად შეუძლებელია  მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები