შაკიკი თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია ადამიანებში. ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის არის შაკიკი, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. 
შაკიკს ახლავს ინტენსიური მწვავე, მფეთქავი ტკივილი, რომელიც თავის ერთ, ან ორივე მხარეს მოიცავს. შაკიკის შემთხვევაში შეტევითი ტკივილი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. იგი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, ხანგრძლივი (4-72 საათამდე), პულსირებადი თავის ტკივილი, უპირატესად ცალმხრივი, ამასთან მას ახლავს ვეგეტატიური დარღვევები, არცთუ იშვიათად – გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ბგერების აუტანლობა.
 

გამომწვევი მიზეზები
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მაცხოვრებლები უფრო ხშირად უჩივიან შაკიკს, ვიდრე სოფლის მკვიდრნი, ვინაიდან ძლიერ თავის ტკივილის პროვოცირებას ფსიქოლოგიური ხასიათის კომფლიქტები იწვევს, ქალაქური გარემო კი ძლიერი სტრესისთვის ხელსაყრელი ადგილია, შესაბამისად შაკიკის განვითარებაც ქალაქის პირობებში უფრო მარტივი ხდება. შაკიკით დაავადებულები არიან ამბიციური, მიზანსწრაფული ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იბრძვიან კარიერული წინსვლისათვის და პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის. 
რისკ ფაქტორები

რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ემოციური არამდგრადობა, 
  • დეპრესიისადმი მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, დიდი დოზებით ესტროგენების მიღება (მათ შორის კონტრაცეფციის მიზნით).
  • შაკიკის შეტევა შეიძლება დააპროვოციროს უჰაერო შენობაში დიდხანს ყოფნამ, ამინდის ცვალებადობამ, ქალებში – მენსტრუაციის დაწყებამ, გაუწყლოვნებამ, კვების რეჟიმის დარღვევამ. შაკიკის პროვოკატორად ითვლება ზოგიერთი პროდუქტი: შოკოლადი, თხილი, ყველი, კაკაო, ყავა, ალკოჰოლი, განსაკუთრებით – წითელი ღვინო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ადამიანისათვის ეს ინდივიდუალურია.

შაკიკის ფორმები

გამოყოფენ შაკიკის შემდეგ ფორმებს: 

შაკიკი აურით - ყველაზე გავრცელებულია. ეს იგივე კლასიკური შაკიკია. ამ დროს შეტევას წინ უძღვის ე. წ. აურის პერიოდი, რომელიც შეიძლება იყოს: ყნოსვითი (ადამიანს თითქოს თან სდევს გარკვეული სუნი); მხედველობითი (თვალების წინ მოციმციმე წერტილები, ლაქები და ა.შ); მოძრაობითი (კიდურების სისუსტე, დამბლა, სხეულის ზოგიერთი ნაწილის დაბუჟება); მეტყველებითი.

შაკიკი აურის გარეშე - ტიპიური შეტევა ხასიათდება : ზომიერი, ან ინტენსიური, ცალმხრივი, პულსირებადი თავის ტკივილით, თან ახლავს გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერების მიმართ(ფოტო და /ან ფონოფობია). დამატებითი სიმპტომებია: მხედველობის გაბუნდოვნება , სიფერმკრთალე. მკურნალობის გარეშე შეტევა გრძელდება 4-დან 72 საათამდე, სიხშირე მერყეობს: კვირაში – 2-ჯერ, წელიწადში – 2-ჯერ, საშუალოდ თვეში – 2-ჯერ.

ხოლო ბაზილარული და პანიკური შაკიკი - იშვიათ შემთხვევებში. 

შაკიკი ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. მნიშვნელოვანია გენეტეკური განწყობა, განსაკუთრებით – დედის ხაზით, ხოლო თუ შაკიკი ორივე მშობელს აღენიშნება, შვილს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, იყოს ჯანმრთელი.
შაკიკი იწყება ახალგაზრდა ასაკში და მთავრდება ქალებში მენოპაუზის დადგომისას, ხოლო მამაკაცებში – 50-60 წლის ასაკში.
როგორ ავიცილოთ თავიდან 
შაკიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად, ან სიხშირის შესამცირებლად უმჯობესია პრევენციული ღონისძიებები. უნდა მოვერიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს: შევამციროთ, ან საერთოდ შევწყვიტოთ ალკოჰოლის, კოფეინისა და თამბაქოს მოხმარება, დავიცვათ ძილის რეჟიმი, თავიდან ავიცილოთ გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ვისწავლოთ სტრესის მართვა. სუფთა ჰაერი, მოსვენებითი რეჟიმი, მშვიდი გარემო, არამკაფიო განათება, დაბალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას. ზოგჯერ ხანმოკლე ძილსაც შეუძლია შეტევის შეჩერება. 

მკურნალობა

შაკიკის შეტევისას გამოიყენება პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი. აღნიშნული პრეპარატები პაციენტს შვებას აძლევს, არ ხსნის მთლინად შეტევას.
შეტევის შეწყვეტისთვის მაღალეფექტურია სეროტონინის აგონისტები -რელპაქსი, იმიგრანი. ისინი შეტევას ხსნიან 30-90 წუთში პაციენტთა 70-80%-ში. შაკიკის სამკურნალოდ მედიკამენტური თერაპია ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული.
შაკიკის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია იკვებოდ სწორად, მისდევდეთ ჯანსაღ ცხოვრების წესს და დაიტვირთოთ დადებითი ემოციებით, ერიდეთ სტრესს და შეიქმენით კარგი გარემო. 

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები