შიში ემოციის სახეა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზმის, მისი იდეალების, შეხედულებების და ემოციური მდგომარეობის მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარა ხორციელდება. რეალური შიში გასაგები და ადეკვატურია, ეს არის გარეგანი საშიშროების აღქმის საპასუხო რეაქცია ორგანიზმის მხრიდან. რეალური შიშის შემთხვევაში იგი სიგნალის ფუნქციას ითავსებს.
პირველი შიშის გრძნობა ადამიანს ეუფლება დაბადებისას, როცა ჩვილი დედის ორგანიზმს სცილდება. ხოლო ნერვოზულ შიშებს რაც შეეხება, იგი განსხვავებულია და რამდენიმე ფორმისაგან შედგება.
ესენია:
თავისუფალი შიში - ობიექტის, არსებობის გარეშე წარმოქმნილი ემოცია. იგი უფრო ავადმყოფურ ლოდინს მოგვაგონებს. ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანები მუდამ ელიან რომ ცუდი მოხდება.
შიშის მეორე ფორმა - უკავშირდება ობიექტებსა და სიტუაციებს. ძირითადად მოცემული ობიექტები მასებში არ აღძრავს განგაშის გრძნობას, თუმცა ასეთ ფობიებში მრავლად არის მწერებისა და ქვეწარმავლების შიში, რომელიც იმდენად ძლიერია რომ ადამიანს გადაჭარბებული რეაქციების გამოხატვისკენ უბიძგებს.
ფობია შიშის ირაციონალური ეტაპია. ფობიის დროს ადამიანს თითქოს თავს დიდი საშინელება ატყდება, რომლის გამოც იძულებული ხდება არაადეკვატური საქციელი ჩაიდინოს.
ფობიების სახეები
ფსიქოანალიტიკოსები ფობიებს სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ:
I - ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს გარკვეული ობიექტის ან საგნისადმი შიში აქვს.
II - ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ (მაგალითად, გაშლილი სივრცის შიში)
III - სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია - საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.
ამასთანავე არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებითაც, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულ ასაკებში გარკვეული ტიპის შიშები ფიგურირებს. მაგალითად, ბავშვებისთვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში, ნაადრევი სიკვდილის შიში.
ზოგადად, მრავალგვარი ფობია არსებობს, აქედან ყველაზე ხშირად აგორაფობია გვხვდება, რომელიც არამარტო გაშლილი სივრცის შიშს, არამედ სხვა ფობიებსაც მოიაზრებს, როგორებიცაა, ხალმხრავლობის შიში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტო მგზავრობის შიში, ბასრი საგნების შიში, თოჯინების გამოხედვის და ასე შემდეგ.
შიშის გამომხატველი ფიზიკური გამოვლინებებია:
- გულისცემის გახშირება
- ოფლიანობა
- სიწითლე
- კანკალი
- პირის სიმშრალე
- სუნთქვის გაძნელება და ქოშინი
- გულმკერდის არეში ტკივილი
- ღებინება ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნება
საიდან ჩნდება ფობია?
ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა.
შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობის ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს.
მკურნალობა
ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ფობიების მკურნალობისთვის ამჟამად ტრანკვილიზატორები გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების ხშირი, უსისტემო მიღება დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს, ამიტომ მიზანშეწონილია, მკურნალობა მცირე ხანს (არა უმეტეს 2 კვირისა) გაგრძელდეს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც განსაზღვრულ შიშებზე არჩევითად მოქმედებს, თუმცა მხოლოდ ეს საშუალებები საბოლოო ჯამში ნაკლებეფექტურია. მკურნალობის რეკომენდებული მეთოდია მედიკამენტური თერაპიის (ინდივიდუალურად შერჩეული ანტიდეპრესანტების) შერწყმა ფსიქოთერაპიასთან, რომელიც ადამიანს შიშის არსის, მისი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც ებრძოლოთ.