კუჭის ბალონირება - წონის კორექციის არაოპერაციული და ეფექტური მეთოდი

16 ივნისი 2018

კუჭის ბალონირება - წონის კორექციის არაოპერაციული და ეფექტური მეთოდი

ჭარბი წონის კორექციის (წონის კლების) ერთ-ერთი უნიკალური მეთოდიკა არის კუჭში გასაბერი ბალონის ენდოსკოპიური ჩაყენება. გასაბერი ბალონი 600-სმ 3 მოცულობით თავსდება კუჭში დაჩუტულ მდგომარეობაში და იბერება პროცედურის დროს. შემდგომ პაციენტს აქვს ძღომის მუდმივი გრძნობა და ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

მისი უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის არაოპერაციული, მცირე ინვაზიური (შეიცავს ნაკლებ რისკებს პაციენტისათვის), შექცევადი (შეიძლება ბალონის ამოღება) ჩარევა, რომლის არსია კუჭში სპეციალური გასაბერი ბალონის ჩაყენება ვიდეოგასტროსკოპის კონტროლით. პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით (პაციენტს ძინავს), ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს, პაციენტი აქტიურია ჩარევიდან რამოდენიმე საათში, არ აქვს ოპერაციის შემდგომი ტკივილები და რთული რეაბილიტაცია, და რაც მთავარია - გართულებები, რაც ახასიათებს ქირურგიულ ჩარევებს.

ბალონის კუჭში დაყოვნება შესაძლებელია 6 თვით, შემდგომ კუჭის წვენი იწყებს ბალონის კედლის დაზიანებას და მისი გასკდომის და გართულებების წარმოქმნის რისკი მატულობს, ამიტომ ბალონს იღებენ, აგრეთვე ენდოსკოპიურად.

6 თვიან პერიოდში წონის კლება შეადგენს მაქსიმუმ 20-30% ამოსავალი წონიდან, რეკომენდირებულია ამ პროცედურის ჩატარება პაციენტებისთვის სხეულის მასის ინდექსით BMI 30-დან 40-მდე, აგრეთვე როგორც მოსამზადებელი მანიპულაცია ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების წინ, წონის რედუქციისათვის და ოპერაციული რისკების შესამცირებლად. გასათვლაისწინებელია, რომ პროცედურის შემდგომ, პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული კვების რეჟიმი და ჩაატაროს რეგულარული კონსულტაციები ექიმ-დიეტოლოგთან 6 თვის განმავლობაში.

მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში არ არსბეობს 100%-ით უსაფრთხო მკურნალობის მეთოდები, ასევე კუჭის ბალონის ჩადგმას ახასიათებს გარკვეული გართულებები და უკუჩვენებები.

უფრო ხშირად, კუჭის ბალონის ჩადგმის პირველ დღეებში, პაციენტს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, პირველ საათებში პირღებინებაც, გულძმარვა, უმადობა. შემდგომ, მეორე, მესამე ან მეოთხე დღეს, პაციენტი ეჩვევა ბალონის არსებობას კუჭში და ჩივილები უქრება, გრძნობს იოლად გაძღომას კვების შემდეგ და იწყებს წონაში კლებას.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდს, როგორც ყველა ჩარევას მედიცინაში, აქვს თავისი უკუჩვენებები, ესენია: დიდი ზომის დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული წყლულები, პაციენტი, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიის გამო იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს - ასპირინი, პლავიქსი, ვარფარინი etc., ნაოპერაციები კუჭი და საყლაპავი; გარდა ამისა, თუ პაციენტი დარწმუნებულია, რომ ვერ დაიცავს დიეტას და ცხოვრების წესს, მას ეს პროცედურა არ უტარდება.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება Helioscopie-ის ფრანგული წარმოების პროგრესული Helioshpere-ის ჰაერით გაბერილი ბალონები მოცულობით 600-სმ3 , რომლებსაც არ ახასიათებს სითხით გაბერილი ბალონებისათვის დამახასიათებელი გართულებები და იოლად ასატანია პაციენტის მიერ.

ნიკოლოზ ძაგნიძე - ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ენდოსკოპირიური სამსახურის ხელმძღვანელი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით :

ტელ: 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1