მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად
თუ თქვენთვის სტრესი იწვევს შფოთვას, შიშს, დაძაბულობას და მწუხარებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ მედიტაციას. მედიტაციის რამდენიმე წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ აღიდგინოთ შინაგანი სიმშვიდე და გათავისუფლდეთ მთელი დღის სტრესისგან.
მედიტაციით დაკავება შეუძლია ყველა ადამიანს, რადგან მისი განხორციელება არის საკმაოდ იაფი და მარტივი. იგი არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ აღჭურვილობას. მედიტაციის პრაქტიკულობა მდგომარეობს იმაში, რომ არ სჭრიდება განსაზღვრული დრო და ლოკაცია. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით ნებისმიერ ადგილას: გარეთ სეირნობისას, ავტობუსით მგზავრობისას, ექიმის კაბინეტთან ან რთული ბიზნეს შეხვედრის შუალედში.
რა არის მედიტაცია
მედიტაციის პრაქტიკა არსებობს ათასწლეულების მანძილზე. ადრე მედიტაციას მიმართავდნენ ცხოვრების სულიერი და მისტიური ასპექტების გააზრებისა თუ ამოხსნის მიზნით. დღესდღეობით კი მედიტაცია გამოიყენება განტვირთვისა და სტრესის შესამცირებლად.
მედიტაცია განიხილება, როგორც ერთგვარი თერაპია გონებისა და სხეულის გასაჯანსაღებლად. მედიტაციას შეუძლია წარმოქმნას ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა და უზრუნველყოს გონების სიმშვიდე და წონასწორობა.
მედიტაციის დროს ხდება ყურადღების ფოკუსირება და გონება იწმინდება შერეული ფიქრების ნაკადისაგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია სტრესულ შეგრძნებებთან.
აღნიშნული პროცესი იწვევს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.
მედიტაციის დადებითი მხარეები
მედიტაცია ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბალანსის მოპოვებას, რაც დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია რომ მედიტაციის ბენეფიტები არ სრულდება მედიტაციის სესიის დასრულებისას. მედიტაცია ეხმარება ადამიანს სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი დღის მანძილზე.
მედიტაცია და ემოციური კეთილდღეობა
მედიტაციის პროცესში, ადამაინის გონება იწმინდება ყოველდღიური გადატვირთული ინფორმაციისაგან, რომელიც ავითარებს დაძაბულობას.
მედიტაციის ემოციური ბენეფიტებია:
- ახალი ხედვის განვითარება სრესტულ სიტუაციაში
- დაძაბულობის მართვის შესაძლებლობა სხვადასხვა ხერხით
- თვითშეგნების ამაღლება
- აწმყოზე ფოკუსირება
- ნეგატიური ემოციების შემცირება
- კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარის ამაღლება
- მოთმინებისა და შემწყნარებლობის უნარის განვითარება
მედიტაცია და ავადმყოფობა
ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, რასაც მიზეზად უდევს ყოველდღიური სტრესი. მედიტაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვლევები აჩვენებს, რომ მედიტაციით შეიძლება იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც აწუხებთ:
- შფოთვა
- ასთმა
- სიმსივნე
- ქრონიკული ტკივილები
- დეპრესია
- გულის დაავადებები
- მაღალი არტერიული წნევა
- ძილის პრობლემები
- თავის ტკივილი
- კოლიტი
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაწუხებთ რომელიმე მიმართეთ პირად ექიმს და ჰკითხეთ შეუძლია თუ არა მედიტაციას სარგებლის მოტანა თქვენთვის. არის შემთხვევები, როდესაც მედიტაცია აუარესებს ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
მედიტაცია არ ჩაანაცვლებს მედიცინაში მკურნალობის ტრადიციულ საშუალებებს, თუმცა მან შესაძლოა გაზარდოს ტრადიციული ხერხების დადებითი მოქმედება.
მედიტაციის სახეები
მედიტაცია არის სიმშვიდის მდგომარეობა. არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები, თუმცა ყოველი მათგანის მთავარი მიზანია შინაგანი წონასწორობის მოპოვება.
მედიტაცია ხელმძღვანელის დახმარებით- ხშირ შემთხვევაში მედიტაცია ხდება ხელმძღვანელის, მასწავლებელის დახმარებით. ამ მეთოდის დროს გონებაში ხდება სურათების, ადგილების, სიტუაციების ვიზუალიზაცია. ადამიანი ცდილობს გამოიყენოს, რაც შეიძლება მეტი გრძნობა, მაგალითად: სუნი, ხმა, ტექსტურა და სხვა.
მანტრა მედიტაცია- მედიტაციის ამ სახეობის დროს, ადამიანი ჩუმად იმეორებს დამამშვიდებელ სიტყვას, ფრაზას ან ფიქრს, რათა თავიდან აირიდოს შემაშფოთებელი აზრები.
ყურადღების მედიტაცია- ამგვარი მედიტაცია ძირითადად დამყარებულია სუნთქვის ყურადღების გამახვილებაზე. იგი იწვევს ცნობიერების ამაღლებას და ადამიანი შეიგრძნობს არსებულ მომენტსა და წამს. აღნიშნული პროცესისას ირღვევა ცნობიერის საზღვრები და შესაძლებელია ფიქრებსა და ემოციებზე დაკვირვება, განსჯის გარეშე, მესამე პირის თვალთახედვით.
Qi gong - ეს არის ჩინური ტრადიციული პრაქტიკა. იგი მედიტაციის, რელაქსაციის, ფიზიკური აქტივობის და სუნთქვითი ვარჯიშების კომბინაციაა, რომელიც ემსახურება ბალანსის შენარჩუნებას.
Tai Chi-ტაი ჩი არის ჩინური სამხედრო ხელოვნება, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია კონკრეტული პოზების მიღება ან ნელი მოძრაობა ღრმა სუნთქვის თანხლებით.
ტრანსცენდენტალური მედიტაცია არის მარტივი, ბუნებქრივი ტექნიკა, რომლის დროსაც ადამიანი ჩუმად იმეორებს პერსონალურად მისთვის დანიშნულ მანტრას. ეს შეიძლება იყოს სიტყვა, ხმა ან ფრაზა სპეციფიური გზით.
აღნიშნული მედიტაციის სახე სხეულს აძლევს საშუალებას შევიდეს ღრმა სიმშვიდისა და რელაქსაციის მდგომარეობაში, რომელიც გონებას ანიჭებს შინაგან რწმენასა და ბალანსს, კონცენტრაციისა და სხვა ძალისხმევის გარეშე.
იოგა-არის სუნთქვის კონტროლი და სხვადასხვა პოზების სერია, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის სიჯანსაღესა და გონების სიმშვიდეს. იოგაზე ვარჯიში მოითხოვს კონცენტრაციას და ბალანსის შენარჩუნებას, როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად, ამ დროს დრო აღარ რჩება დამღლელ დღეებზე ფიქრისათვის და ადამიანი შეიგრძნობს მხოლოდ არსებულ მომენტს.