პასიური მწეველების საფრთხეები

05 ნოემბერი 2017

პასიური მწეველი ანუ მეორეული მწეველი არის ის ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამოსუნთქულ კვამლს. ბევრს აინტერესებს დგება თუ არა პასიური მწევლის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე და ამ კითხვაზე მარტივი პასუხია - დიახ. მეორეული მწევლის ორგანიზმში ხვდება იგივე ტოქსიკური ნივთიერებები, (ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ფორმალინი, ციანიდი და სხვა სიმსივნის გამომწვევი სუბსტანციები) რომლებსაც ჩაისუნთქავს უშუალოდ სიგარეტის მომხმარებელი. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ცუდი ეფექტი უფრო ძლიერად გამოვლინდება, როდესაც იგი ორგანიზმში ხვდება თამბაქოს საშუალებით, თუმცა მისი გავლენა საკამრისად მომწამვლელი რჩება პასიური მწევლისთვისაც. 

აქტიური მწევლის მიერ ამოსუნთქული მავნე ნივთიერებები ჰაერში რჩება 4 საათის განმავლობაში, ებღაუჭება თმებს, ტანსაცმელს და სხვა საგნებს, რომლებიც ასევე რისკის შემცველნი ხდებიან გარშემო მყოფებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. გამჯდარი დალექილი ნივთიერებების მოქმედებას მესამეულ მწეველობას უწოდებენ. 

პასიური მწევლობის ზუსტი რისკის განსაზღვრა რთულია, რადგან თამბაქოს ამოსუნთქული კვამლი წარმოადგენს დინამიკურ ნარევს, რომელიც ურთიერთქმედებს არსებულ გარემოსთან. მიუხედავად ამისა, ყველა ექიმი თუ მეცნიერი თანხმდება, რომ მეორეული მწევლობა არ არის უსაფრთხო თავისი თანდაყოლილი ტოქსიკურობიდან გამომდიანარე.

ადამიანისათვის 20–30%–ით იზრდება ფილტვის კიბოს წარმოქმნის საშიშროება თუ იგი არ არიდებს თავს პასიურ მწევლობას და ცხოვრობს თამბაქოს მომხმარებელ პირთან ერთად. ასევე ხსენებული ვითარება 20–30%–ით  ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და იწვევს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს ბავშვებსა და ორსულებში. 

რაც შეეხება აქტიურ მწევლებს, მათთვის საფრთხე მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტია თამბაქოს მოხმარების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. სიგარეტის გამოყენების მოკლე პერიოდმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ასთმა ან გულის დაავადებები.

სამწუხაროდ, ჰაერის გამწმენდი საშუალებები და ფილტრები ვერ იცავენ არამწეველ საზოგადოებას გამონაბოლქვი ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ერთადერთი გზა რისკების შემცირებისა არის თამბაქოს მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა. 

აქტიური მწევლისთვის თამბაქოსგან თავის დაღწევას სჭირდება რთული გზის გავლა, მაგრამ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე გარშემო მყოფებისთვის. როდესაც მოიხმარ თამბაქოს, საფრთხეს უქმნი არა მარტო პირად ჯანმრთელობას, არამედ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებ ძვირფას ადამიანებსაც.