სირბილი არის ვარჯიშის სახეობა, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისათვის. ამისთვის სულაც არაა აუცილებელი მარათონში მონაწილეობის მიღება და ათობით კილომეტრის დაფარვა. სირბილი აუმჯობესებს გულის მდგომარეობას, ამცირებს მაღალი არტერიული წნევის რისკს, არეგულირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის დონეს სისხლში.
სირბილი სასარგებლოა არა მარტო სხეულისათვის, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც. იგი ხელს უწყობს კარგი ხასიათის შენარჩუნებას, კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას, დეპრესიისა და შფოთვის აღმოფხვრას.
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სირბილი რთულია სხეულისათვის, მაგრამ საჭიროა კი ყოველდღიურად დიდი დისტანციების დაფარვა სასურველი შედეგის მისაღწევად?
ქვემოთ მოყვანილია ფაქტები, რომლებიც გააბათილებს 5 მცდარ მოსაზრებას სირბილის შესახებ.
მითი 1: სირბილი ცუდია მუხლებისათვის
არ არსებობს რაიმე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სირბილი ცუდია თვქენი მუხლებისათვის. რა თქმა უნდა, თუ გაწუხებთ ოსტეოართრიტი ან რაიმე მსგავსი დაავადება, მაშინ საჭიროა კონკრეტული წესების დაცვა. მაგალითად, სცადეთ სირბილი შედარებით რბილ ზედაპირზე, როგორც მიწა ან სპეციალური ბილიკები. მოერიდეთ ასფალტსა და ტროტუარებზე სირბილს.
მითი 2: აუცილებელია სირბილი ყოველდღიურად
კვლევების მიხედვით, კარგი შედეგის მისაღებად საჭიროა კვირაში 2–3 ჯერ სირბილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული პიროვნების მიზანს. მარათონისათვის მზადებისას იზრდება სირბილისათის დათმობილი რეკომენდებული დრო, თუმცა ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საკმარისია კვირაში 150-წუთიანი აქტივობა.
მითი 3: მანძილი არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი
კვლავ შეგახსენებთ, რომ მარათონისათვის ვარჯიშისას მანძილს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა ეს დებულება არ ვრცელდება მაშინ, როდესაც სირბილი არის ერთგვარი ცხოვრებისეული რუტინა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დასვენების კომფორტ-ზონიდან გამოსვლა და მეტი აქტიურობა.
მითი 4: უძრავი გაწელვები არის საუკეთესო სირბილისათვის
მოძრავი გაწელვა ბევრად უფრო სასარგებლო ვარჯიშია გასახურებლად, ვიდრე უძრავი. სტატიური გაწელვის კლასიკური მაგალითია, ხელის თითების შეხება ფეხის თითებთან მდგომარე პოზაში. ეს დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ მეტი თავისუფლება და მოქნილობა, თუმცა თქვენი კუნთები იქნება ნაკლებად ელასტიური და შესაბამისად მიდრეკილი დაზიანებისაკენ. აქტიური გაწელვები უკეთესად ამზადებს სხეულს ვარჯიშისათვის.
როგორ უნდა მოემზადოთ სირბილის დაწყებამდე:
- დადექით სწორად და მუხლი აიტანეთ გულ–მკერდამდე, შემდეგ დადგით მიწაზე.
- ხელებით მოეჭიდეთ წვივს მუხლის მაღლა აწევისას.
- გააკეთეთ იგივე მეორე ფეხით.
- გაიმეორეთ 10–ჯერ.
მითი 5: მორბენალს შეუძლია შეჭამოს ნებისმიერი რამ
ეს აზრი არის ყველაზე დიდი შეცდომა. სირბილისას იწვება კალორიები, შესაბამისად მნიშვნელოვანია კვების რაციონის კარგად განსაზღვრა. საჭიროა კარგად დარეგულირებული დიეტა კალორიების გათვალისწინებით. არასწორმა კვებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას და გამოიწვიოს დაავადებები და ინფექციები. საკვები უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით A, C, და E ვიტამინებს, ასევე თუთიას, სელენს, რკინას და ფოლიუმის მჟავას (B ვიტამინი). აღნიშნული ნივთიერებები გვხვდება ახალ ხილში, ბოსტნეულსა და მარცვლეულში.
დაელაპარაკეთ ექიმს, სანამ დაიწყებთ სირბილს
მიუხედავად იმისა, რომ სირბილი შესანიშნავი ვარჯიშია, რეკომენდირებულია გაესაუბროთ ექიმს. შესაძლოა, მან შემოგთავაზოთ კონკრეტულად თქვენზე მორგებული სირბილის რუტინა და დიეტა.