მიჩნეულია, რომ ადამიანისთვის ნორმალური წნევა 120/80-ზე უნდა იყოს. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წნევის ოპტიმალური დონე 115/75-ზეა. მოცემულ წნევაზე მაღალი რიცხვები კი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და დაავადებების მაღალ რისკზე მიუთითებს.
დაბალი წნევის შემთხვევაში რთულია განსაზღვრო რასთან გვაქვს საქმე.
დაბალი წნევა იგივე ჰიპოტენზია სისხლის წნევაა, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაში 90/60-ზე ნაკლებია. დაბალი წნევის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ რომელიმე შინაგანი ორგანოს სისხლმომარაგება შემცირდეს, ამიტომ დაბალი წნევა, ისევე როგორც მაღალი, არასასურველია და საჭიროებს მეთვალყურეობას.
არის შემთხვევები, როცა წნევა 90/60 ნორმალურია, მაგალითად ათლეტთათვის, მაგრამ თუ ჰიპოტენზიის სიმპტომები შეიმჩნევა, აუცილებელია მისი გამოკვლევა.
რა სახის ჰიპოტენზიები არსებობს
ორთოსტატული ჰიპოტენზია - როდესაც ადამიანი იცვლის პოზას. მაგ: წევს და უცბად ადგება - ეს მდგომარეობა ხშირია ასაკოვან ხალხში, განსაკუთრებით +65 წლოვანების ადამიანებში.
ჭამის შემდგომი ჰიპოტენზია - როდესაც ადამიანი დიდი ოდენობით საკვებს მიიღებს, ძილიანობასთან ერთად შეიძლება განიცდიდეს სხვა სიმპტომებსაც მაგ. სისუსტესა და თავბრუსხვევას.
ნერვული ჰიპოტენზია - როდესაც ირღვევა გულისა და ტვინის ნერვული კომუნიკაცია. ეს ტიპი უფრო ახალგაზრდებში გვხვდება.
მძიმე ჰიპოტენზია - დაკავშირებულია შოკურ მდგომარეობასთან, არის სიცოცხლისთვის საშიში.
ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზები:
ზოგადად წნევათა განსხვავება ადამიანთა ცხოვრების სტილისგან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. დაბალი წნევით გამოირჩევიან ათლეტები და ვარჯიშის მიმდევარი ხალხი, ასევე არამწეველები, ადამიანები, რომლებიც სწორად იკვებებიან.
თუმცა არის შემთხვევები, როცა დაბალ წნევას სავალალო შედეგებამდე მივყავართ და თავს იჩენს მძიმე დაავადებები.
წნევის დაცემა შეიძლება გამოიწვიოს:
ორსულობამ - ორსულებში სისხლძარღვები მეტად ფართოვდება, ამიტომაც წნევის შემცირება ბუნებრივად ხდება.
გულის პათოლოგიებმა - შესაძლოა გამოწვეული იქნას გაიშვიათებული გულისცემით, გულის უკმარისობით.
ჰორმონალურმა დარღვევებმა - როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ან ზედმეტად აქტიურია, ან პასიური. სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება, დიაბეტი.
დეჰიდრატაციამ - ღებინება, ფაღარათი, შარდმდენების ჭარბი გამოყენება, ზედმეტი ვარჯიში შესაძლოა გაუწყლოების მიზეზი გახდეს.
მძიმე ინფექციამ - ინფექციის გამომწვევმა შესაძლოა სისხლში შეაღწიოს და წნევის დაცემა გამოიწვიოს.
ალერგიულმა რეაქციამ - საბედისწერო ალერგიული რეაქცია წამალზე, საკვებზე ან მწერის ნაკბენზე, რომელიც წნევის უეცარ ვარდნას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ დაბალი წნევა ყოველთვის არ არის საგანგაშო და შესაძლოა მის პირობებში თავი კარგადაც ვიგრძნოთ, არ შეიძლება მუდმივად მისი უგულებელყოფა, რადგან შესაძლოა სხვა დაავადებასთან გვქონდეს საქმე. აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება თუ დაბალ წნევას თან ახლავს:
- თავბრუსხვევა
- გულის წასვლა
- მხედველობის დაბინდვა
- გულისრევა
- ცივი, ნამიანი კანი
- ადვილად დაღლა
- კონცენტრაციის დაქვეითებ
აუცილებელია, რომ ყურადღება მივაქციოთ მოცემულ სიმპტომებს და არსებობის შემთხვევაში დროულად გადავამოწმოთ მდგომარეობა ექიმთან.
როგორ მოვიქცეთ დაბალი წნევის დროს
დაბალი წნევის დროს ექიმები ძირითადად განიხილავენ შემდეგ დაავადებებს - დეჰიდრატაციას, გულის უკმარისობას, დიაბეტს ან ჰიპოთირეოზს. ამასთან ერთად არსებობს რამდენიმე გზა დაბალი წნევის შესაჩერებლად:
- სვით მეტი წყალი და მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი - სპირტიანი სასმელები დეჰიდრატაციას იწვევენ და შეიძლება წნევა ერთმა ჭიქამაც დაგიგდოთ.
- იკვებეთ ჯანმრთელად - მიიღეთ ყველა ინგრედიენტი მრავალფეროვანი საკვებით. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ქათმის ხორცი, თევზი.
- ნუ აჩქარდებით - არ გააკეთოთ ხისტი მოძრაობები, მაგალითად სწრაფად არ წამოდგეთ ახალგაღვიძებულზე, წამოჯექით, ჩაისუნთქეთ და შემდგომ ადექით.
- მიირთვით ცოტ-ცოტა - აკონტროლეთ პორციების რაოდენობა - არ მიირთვათ ერთხელ და ძალიან ბევრი, გადამეტებული რაოდენობით საკვების მიღებამ შეიძლება უეცარი წნევის ვარდნა გამოიწვიოს და თავი ცუდად იგრძნოთ.