ახალი მკურნალობის მეთოდის წყალობით შესაძლებელია ინსულტით გამოწვეული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება.
პროცედურა, რომელიც თრომბექტომიის სახელითაა ცნობილი, მოიაზრებს ტვინიდან სისხლის კოლტის მთლიანად ამოღებას. ამის შედეგად პაციენტებში შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალბათობა 4-ჯერ იზრდება.
ინსულტით დაავადებულები ასევე თავისუფლდებიან საჭიროებისგან, მიიღონ კოლტის დამშლელი წამლები, რომლებიც ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება არაეფექტური იყოს. კვლევების მიხედვით, თრომბექტომია ეფექტურია პაციენტებში ინსულტის შემდეგ არაუმეტეს 24 საათისა.
უმეტეს შემთხვევაში ამ მკურნალობის შემდეგ პაციენტები სახლებში დააბრუნეს სულ რამდენიმე დღეში და შედეგებიც აღსანიშნავი იყო.
8 კვლევამ დამოუკიდებლად აჩვენა, რომ ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც დიდი კოლტები აქვთ უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ წამლებით მკურნალობა.
ინსულტის ექსპერტი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპის ნევროლოგიის ვიცე პრეზიდენტი, ფრანც ფაზეკასი მკურნალობის ახალ მეთოდის უპირატესობებზე საუბრობს: “ნელ-ნელა იცვლება ჩვენი ადრინდელი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინი ძალიან სათუთი ორგანია და ინსულტის შემდეგ მის გადასარჩენად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. თუმცა ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხნით დავაყოვნებთ მკურნალობას, მით ნაკლები შანსია რომ მას დიდი ეფექტი ჰქონდეს.
ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ეს პროცედურა, თუმცა საავადმყოფოებში ამ ტექნოლოგიის დანერგვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.”
ეს ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე კლინიკაშია დანერგილი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში და მომავალში იგეგმება მისი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა. თრომბექტომიის დროს, ქირურგები აკეთებენ ერთსანტიმეტრიან ჭრას და შეჰყავთ კათეტერი პაციენტის ტვინამდე. შემდეგ ექიმი შლის კოლტს. აქამდე ექიმებს სჯეროდათ, რომ კოლტის მექანიკური მეთოდით მოშორება შესაძლებელი იყო ინსულტიდან 6 საათში. თუმცა პაციენტების თითქმის 50% გადარჩა სერიოზული უნარების შეზღუდვის გარეშე, როცა მათ ოპერაცია ჩაუტარდათ ინსულტიდან 6 საათზე მეტით დაყოვნებითაც კი.
ინსულტის ამოსაცნობად მთავარია მივაქციოთ ყურადღება 3 მთავარ სიმპტომს:
- სახის დეფორმაცია
- ხელების აწევისა და ასეთ მდგომარებაში შენარჩუნების უნარის დაკარგვა
- მეტყველების მნიშვნელოვანი გაუარესება