02 თებერვალი 2021

შესაძლოა თუ არა კოვიდ- 19 მა გამოიწვიოს ვენური გართულებები?

კოვიდ 19-ის ერთ-ერთი სერიოზული გართულება არის თრომბოემბოლიური გართულება ანუ პერიფერიული ვენური სისტემის - ღრმა ვენების თრომბოზი და /ან პულმონური ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და შედარებით იშვიათად პერიფერიული არტერიული თრომბოზები.მათი საერთო პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ19-იან  პაციენტებში შეადგენს 5-11%, იმ პაციენტებთან რომელთაც უწევთ მკურნალობა დაავადების მძიმე ფორმიდან გამომდინარე ინტენსიური თერაპიის( რეანიმაცულ განყოფილებაში) თრომბოემბოლიური გართულების სიხშირემ შესაძლოა მიღწიოს 28 %-საც. 

 როგორც ახსენეთ კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გართულება თრომბოემბოლიური გართულებაა, რა ნიშნებით ვლინდება?

 კორონა ვირუსის დროს განვითარებული თრომბოემბოლიური გართულებების კლინიკური სურათი იგივეა, რაც ანალოგიური გართულებების სხვა მძიმე პათოლოგიების დროს. ეს კლინიკური სურათი კარგად იციან იმ პაციენტებმა, რომელთაც ანამნეზში გადატანილი აქვთ თრომბოზი  და ბუნებრივია ეს პაციენტები ამ მხრივ კოვიდ 19-ის დროს მაღალი რისკის ჯგუფში არიან.ამ კლინიკურ ნიშნებზე ( კიდურის მოცულობაში მატება, კანის ფერის შეცვლა, არაბუნებრივად დარღვეული სატურაცია, რომელიც შეუსაბამობაშია ვირუსით გამოწვეული ფილტვის ქსოვილის დაზიანებასთან და ა.შ) უნდა იქნეს გამახვილებული ყურადღება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს მედპერსონალის მხრივაც. დამატებითი რისკ-ფაქტორებია ასევე პაციენტის ჭარბი წონა, დადასტურებული შაქრიანი დიაბეტი, შეზღუდული მოძრაობის უნარი , წარსულში არსებული მძიმე გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები  და ა.შ 

 როდესაც პაციენტი მიდრეკილია ვარიკოზული დაავადებისკენ, არის თუ არა შესაძლებელი პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროს გარკვეული სახის მკურნალობა, კოვიდ 19 ის შემთხვევაში თრომბის პრევენციისთვის.

თვითონ ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება არ წარმოადგენს კოვიდ 19 -ის დროს მაღალის რისკის ფაქტორს. ზოგადად რისკ-ფაქტორების შესაფასებლად არსებობს ცნობილი შკალები ძირითადად - CAPRINI-ს ,  GENEVE-ს და  WALES -ის შკალები, რომელთა მიხედვითაც, ოჯახის ექიმის მიერ უნდა იქნას შეფასებული პაციენტის რისკი თრომბოემბოლიური გართულების თვალსაზრისით. საბედნიეროდ პაციენტთა დაახლოებით 85% აქვთ კოვიდის იოლი-მსუბუქი ფორმა და ეს პაციენტები იმყოფებიან ამბულატორიულ ( არასტაციონარულ) მკურნალობაზე. შესაბამისად - ამ პაციენტების მკურნლობის მართვა ძირითადად გადადის ოჯახის ექიმზე და მათ შორის თრომბოემბოლიური გართულებების  პროფილაქტიკის საკითხიც მათი გადასაწყვეტია. ამბულატორიული პაცინტები უმრავლეს შემთხვევაში არიან მობილურები ( შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება) ამიტომ მათთან თრომბოზის პროფილაქტიკა შემოიფარგლება აქტიური მოძრაობით იზოლაციის პირობებში ( საჭიროების შემთხვევაში ელასტიური ტრიკოტაჟით ქვემო კიდურებზე) და ჰიდრატაციით ( სითხეების მეტი რაოდენობის მიღებით) თუ ასეთი პაციენტები კოვიდის ინფიცირებამდე იღებდნენ ექიმის დანიშნულებით ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს -  მათ უნდა განაგრძონ ეს მკურნალობა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პრეპარატებით თრომბოემბოლიური გართულების პროფილაქტიკა ექიმის დანიშნულების გარეშე  მიზანშეწონილი არ არის.

როდის  არის აუცილებელი სპეციალისტთან კონსულტაცია ?

 თუ პაციენტმა კოვიდით დაავადების პირობებში გადაიტანა თრომბოემბოლიური გართულება - ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ  აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რათა დაიგეგმოს ამბულატორიულ პირობებში შემდგომი მკურნალობის ხანგრძლივობა. 

 

თქვენი რეკომენდაციები პაციენტებს

 ზოგადი რეკომენდაციები კოვიდ19-იანი  პაციენტებისათვის შემდეგია :

  1) ის პაციენტები ვინც ხვდებიან სტაციონარში ესე იგი მათ აქვთ დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმა და ისინი სტაციონარში არსებული პროტოკოლით და გაიდლაინით აუცილებლად არიან ანტიკოაგულანტოთერაპიაზე. 

2) რაც შეეეხება პაციენტების უმრავლესობას ეს დაავადება  გადააქვთ ამბულატორიულად - აუცილებელია პირველ რიგში ოჯახის ექიმის ჩაყენება საქმის კურსში, რათა მის მიერ განისაზღვროს კონკრეტული პაციენტის მიკუთვნება თრომბოემბოლიური გართულებების რისკის ჯგუფთან. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ადრე ჩატარებული აქვს ანგიოლოგთან კონსულტაცია ან იტარებდა მკურნალობას - შესაბამის სპეციალისთან  კონსულტაცია, რათა გაგრძელებულ იქნეს მიმდინარე თერაპია ან გაკეთდეს მედიკამენტის დოზის კორექცია ან შეცვლილ იქნეს მკურნალობის ტაქტიკა. 

3) განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლაბორატორიული კვლევები, კერძოდ კოაგულოგრამის და D დიმერის კონტროლი, რომლებიც პრაქტიკულად ყველა კოვიდიან პაციენტს დარღვეული აქვთ ( რაც ძირითადად მანიშნებელია ვირუსით ინფიცირების სიმძიმის ) და მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით არის აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულად და  ანტიკოაგულანტის დანიშვნა. 

მამუკა ბოკუჩავა -ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

პროფესორი , ანგიოქირურგი