რა უნდა ვიცოდეთ დაბალი წნევის შესახებ

 

დაბალი არტერიული წნევა ანუ ჰიპოტენზია  - მდგომარეობა როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებელი ნაკლებია 90/60 მმ.ვწ.სვ.

არტერიული წნევის მაჩვენებლებს ახასიათებს ე.წ. ფიზიოლოგიური ცვალებადობა, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: სხეულის პოზიციაზე, სუნთქვის რითმზე, სტრესის დონეზე, მიღებულ საკვებზე და სასმელზე, დღე-ღამის პერიოდზე, ამინდზე. მაგ. ღამის პერიოდში წნევის ციფრები შედარებით ნაკლებია, ვიდრე დღის პერიოდში. ასევე, მოსვენებულ მდგომარეობაში წნევის მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე ფიზიკურად ან ემოციურად  აქტიურ პერიოდში.

ქრონიკული ასიმპტომური ჰიპოტენზია - ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა მუდმივად ჰქონდეს არტერიული წნევის ციფრები ნაკლები 90/60 მმ.ვწ.სვ და მათ არ ჰქოდნეთ არანაირი ჩივილი,  ასეთ შემთხვევაში აღნიშნული მდგომარეობა არ საჭიროებს დამატებით ჩარევას და ითვლება ნორმის ვარიანტად. 

იმ შემთხვევაში კი თუ წნევის ციფრების დაქვეითება იწვევს სიმპტომებს, საჭირო ხდება  გამომწვევი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა.

შესაძლო სიმტომებია:

საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, გონების დაბინდვა ან დაკარგვა, მხედველობის დარღვევები, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძილიანობა.

ჰიპოტენზიის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სახეობაა:

ორთოსტატიული ჰიპოტენზია - წნევის ციფრების დაქვეითება მჯდომარე ან მწოლიარე  მდგომარეობიდან სწრაფად წამოდგომის დროს.

პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია - წნევის ციფრების დაქვეითება საკვების მიღების შემდეგ (დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ).

ნეირო-მედიაციური ჰიპოტენზია - წნევის ციფრების დაქვითება ხანგრძლივი დგომის შემდეგ.

დაბალი არტერიული წნევის შესაძლო მიზეზებია:

ორსულობა - პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების გამო, მშობიარობის შემდეგ წნევის ციფრები ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას დამატებითი ჩარევის გარეშე.

დეჰიდრატაცია - დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ოფლიანობამ, ფაღარათმა, ღებინებამ, შარდმდენების არასწორმა გამოყენებამ, სითხის არასაკმარისი მიღებამ.

ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა - ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს დაბალი არტერიული წნევის მიზეზი.

ენდოკრინული პათოლოგიები - მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,  ჰიპოგლიკემია.

გულის დაავადებები - სარქვლოვანი პათოლოგიები, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია (გულისცემის დაბალი სიხშირე).

სისხლის დანაკარგი - მძიმე ტრავმის ან შინაგანი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში.

მძიმე ინფექცია

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)

მედიკამენტები - მათ შორის შარდმდენები, ნიტროგლიცერინი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.

ამგვარად, არტერიული ჰიპოტენზია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ხშირად  ნორმალური ანუ ფიზიოლოგიური ხასიათისაა, მაგრამ ზოგჯერ  შეიძლება დაკავშირებული იყოს  სერიოზულ   პათოლოგიასთან, რაც აუცილებლად საჭიროებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ჩარევას.

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ტელ : 2 517008