მამაკაცის უნაყოფობის მთავარი ნიშანი ჩასახვის მცდელობის მიუხედავად, ნაყოფის არარსებობაა. შესაძლოა არ არსებობდეს სხვა ნიშანი ან სიმპტომი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, თანმხლები დაავადება, როგორიცაა მემკვიდრული დაავადება, ჰორმონული დისბალანსი, სათესლე ჯირკვლებთან ვენების გაფართოება ან სპერმის გზის ბლოკადა შესაძლოა იყოს უშვილობის გადამწყვეტი ფაქტორი. მამაკაცებში უშვილობასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:
- სქესობრივი ფუნქციის პრობლემები - ეაკულაციის სირთულე, ან ეაკულანტის პატარა რაოდენობა, დაქვეითებული ლიბიდო ან ერექციის შენარჩუნების სირთულე.
- ტკივილი, შესიება ან შეშუპება სათესლე ჯირკვალში
- განმეორებადი სასუნთქი გზების ინფექციები
- სუნის შეგრძნების დაკარგვა
- არანორმალური ზრდა მკერდის არეში (გინეკომასტია)
- სახეზე ან ტანზე თმიანობის შემცირება, ქრომოსომული ან ჰორმონული პათოლოგიის სხვა ნიშნები
- სპერმატოზოიდების ნორმაზე დაბალი კონცენტრაცია (15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი თესლის 1 მილილიტრში ან ჯამური სპერმატოზოიდური მაჩვენებელი, რომელიც ეაკულატში 39 მილიონზე ნაკლებია)
მამაკაცის უნაყოფობაზე გავლენას ახდენს გარემო–ფაქტორებიც, რომელთა შორის არის:
სითბოს, ტოქსინების, ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი ზეგავლენა ინდუსტრიული ქიმიური ნივთიერებები. ბენზინის, ტოლუენის, ქსილენის, პესტიციდების, ჰერბიციდების, ორგანული გამხსნელების, საღებავებისა და ტყვიის ზეგავლენა. ტყვია და სხვა მძიმე მეტალები დაკავშირებულია უშვილობასთან.
დასხივება და რენტგენის სხივები. რადიაცია იწვევს სპერმის პროდუქციის შეფერხებას, თუმცა ხშირად ეს დროებითია. დასხივების მაღალი დოზების შემთხვევაში, შესაძლებელია სპერმის წარმოქმნის მუდვმივი დარღვევაც.
სათესლე ჯირკვლების გადახურება. საუნების ან თბილი აბაზანების ხშირი გამოყენება დროებით ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას. ხანგრძლივი ჯდომა, მოჭერილი ტანსაცმელი ასევე ასოცირდება სათესლე პარკის ტემპერატურის მატებასთან, რაც იწვევს ჯირკვლის გადახურებას და სპერმატოზოიდების სინთეზის დაქვეითებას. საცვლების ტიპი ნაკლებად უკავშირდება უშვილობას.
ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების სტილი, მათ შორის გავლენიანი ფაქტორებია:
ნარკოტიკების ან სხვა არალეგალური პრეპარატების გამოყენება. ანაბოლური სტეროიდები ასტიმულირებენ კუნთის ზრდას და იწვევენ სათესლე ჯირკვლის დაპატარავებასა და სპერმის პროდუქციის შეფერხებას. კოკაინის ან მარიხუანას გამოყენება დროებით აქვეითებს სპერმის ხარისხს.
ალკოჰოლის გამოყენება. ალკოჰოლი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, იწვევს ერექციულ დისფუნქციას და ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას. ღვიძლის დაავადება, რომელიც ალკოჰოლითაა გამოწვეული, ასევე უკავშირდება უშვილობას.
ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა, სამუშაო სივრცის სტრესი, არააქტიური ცხოვრება..
თამბაქოს გამოყენება. მწეველ კაცებს აღენიშნებათ სპერმატოზოიდების ნაკლები რაოდენობა, არამწეველებთან შედარებით. მეორადი კვამლი ასევე უკავშირდება უშვილობას.
ემოციური სტრესი. სტრესი ხელს უშლის გარკვეული ჰორმონების მოქმედებას და სპერმის წარმოქმნას. ძლიერი და ხანგრძლივი ემოციური სტრესი, მათ შორის უშვილობაც, ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას.
წონა. ჭარბი წონა ასოცირებულია ჰორმონულ ცვლილებებთან და უშვილობასთან.
ველოსიპედის ხანგრძლივი ტარება. ველოსიპედის ხშირი ტარება ასოცირდებულია შვილოსნობის დაქვეითებასთან, სათესლეების გადახურების გამო. ველოსიპედის სკამი ასევე აწვება სათესლე ჯირკვლების უკან მდებარე ნაწილს, პერინეუმს, რაც ზოგჯერ იწვევს პენისის მგრძნობელობის დაქვეითებასა და ერექციულ დისფუნქციას.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს ?
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა იმ შემთხვევაში თუ ერთწლიანი დაუცველი სქესობრივი კავშირების შემდეგ არ მოხდა ნაყოფის ჩასახვა ან თუ გაქვთ შემდეგი ნიშნებიდან ერთ-ერთი:
- გაქვთ ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები, ლიბიდოს დაქვეითება ან სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომი
- ტკივილი, დისკომფორტი, დასიება ან შეშუპება სათესლე ჯირკვლების არეში
- სათესლე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები
- გაქვთ ჩატარებული საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, პენისის ან სათესლე პარკის ქირურგიული ოპერაცია