პრეეკლამფსია არის ორსულობის პერიოდში გართულება, რომელიც მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით ხასიათდება. იგი ხშირად მოიცავს თირკმელებსაც. პრეეკლამფსია ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ იწყება, გამომწვევი მიზეზი კი არტერიული წნევის მცირედი მატებაც კი შეიძლება იყოს. პრეეკლამფსია აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და მკურნალობას, რადგან ამ გართულებას შესაძლოა ფატალური შედეგები მოყვეს. როგორც ცნობილია, ეს გართულება აზიანებს როგორც დედის, ასევე ბავშვის ორგანიზმს და აუცილებელი ხდება მშობიარობა.
თუ პრეეკლამფსია ორსულობის ნაადრევ ფაზებში განვითარდა, მაინც საჭირო ხდება გადაუდებელი მშობიარობა, მიუხედავად იმისა რომ ნაყოფი განუვითარებელია. პრეეკლამფსიის პირობებში ნაყოფის საშვილოსნოში გაჩერება დაუშვებელია და შეიძლება მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდეს.
გამომწვევი მიზეზი
გამომწვევი მიზეზები დაზუსტებით ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი განვითარების საწყისი შეიძლება იყოს პლაცენტა, რომელიც უზრუნველყოფს შვილსა და დედას შორის საშვილოსნოში ნივთიერებების მიმოცვლას. ორსულობის ადრეულ ფაზაში სისხლძარღვები პლაცენტაში წარმოიქმნება და სისხლი ნაყოფთან ახლოს შედის. პრეეკლამფსიის დროს სისხლძარღვები შედარებით ვიწროა და არასწორად პასუხობს ჰორმონულ სიგნალებს, რაც მათში გამავალი სისხლის ოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
სავარაუდო გამომწვევი მიზეზები:
- არასაკმარისი სისხლის დინება საშვილოსნოში
- სისხლძარღვების დაზიანება
- იმუნური სისტემის პრობლემა
- გარკვეული გენები
პრეეკლამფსია იმ ოთხი დაავადებიდან ერთ–ერთია, რომლებიც იწვევენ მაღალ არტერიულ წნევას ორსულებში. მაღალი წნევის სხვა მიზეზებია:
- ჩასახვის ჰიპერტენზია. ამ მდგომარეობაში ორსულ ქალებს აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თუმცა სხვა ორგანოების დაზიანება რ ხდება. ამ ფაზის შემდეგ ზოგიერთ ქალს პრეეკლამფსია უვითარდება.
- ქრონიკული ჰიპერტენზია. ქრონიკული ჰიპერტენზია გულისხმობს სისხლის მაღალ წნევას, რომელიც ორსულობამდეც აღინიშნა ან დაფიქსირდა ორსულობის მე–20 კვირამდე. რადგან სიმპტომები ხშირად არ ვლინდება, რთულია დადგენა, როდის დაიწყო ჰიპერტენზია.
- ქრონიკული ჰიპერტენზია თანდართული პრეეკლამფსიით. ეს მდგომარეობა ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც ორსულობამდე ჰქონდათ ქრონიკული ჰიპერტენზია და შემდეგ გაუარესდა როგორც წნევის პარამეტრი, ასევე ორგანოების დაზიანებები.
სიმპტომები
პრეეკლამფსია ზოგჯერ სიმპტომების გარეშე ვითარდება. მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა თანდათან განვითარდეს, მაგრამ ძირითადად სწრაფად ვითარდება. სისხლის წნევის მონიტორინგი მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი წნევის მცირედ მატებაა. თუ არტერიული წნევა არის 140/90 ან მეტი, გაიზომა ორ სხვადასხვა დროს და მინიმუმ 4 საათის ინტერვალებით, მაშინ წნევა არ არის ნორმალური.
პრეეკლამფსიის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- შარდში ჭარბი ცილა–პროტეინურია, თირკმლის პრობლემები
- ძლიერი თავის ტკივილი
- მხედველობის ცვლილებები: დროებითი დაქვეითება, დაბინდვა, მგრძნობელობა სინათლეზე
- მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ძირითადად ნეკნების ქვეშ, მარჯვნივ
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- შარდის შემცირებული გამოყოფა
- თრომბოციტების დონის შემცირება– თრომბოციტოპენია
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია სითხის დაგროვებით ფილტვებში
- წონის უეცარი მატება და შეშუპება– ედემა, განსაკუთრებით სახეზე და ხელებზე, ხშირად ახლავს თან პრეეკლამფსიას. ეს სიმპტომები შესაძლოა ნორმალურ ორსულობაშიც აღინიშნოს, ამიტომ პრეეკლამფსიის დიაგნოზი მხოლოდ ასე არ ისმება.
როდის მივმართოთ ექიმს
ორსულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ქალის ცხოვრებაში, შესაბამისად აუცილებელია ორსულობის დროს რეგულარული ვიზიტების ჩატარება ექიმთან, რათა მოხდეს ყველა პირველადი გართულების დროული აღმოფხვრა და არტერიული წნევის კონტროლი. თუ წნევის უეცარი ცვლილება იგრძენით, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან ესტუმრეთ ექიმს. წნევასთან ერთად, აუცილებლად ყურადსაღები სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, როგორებიცაა თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება, მუცლის ძლიერი ტკივილი ან სუნთქვის უკმარისობა, მიაკითხეთ ექიმს.
არ გამოგრჩეთ, რომ თავის ტკივილი, გულისრევა და ზოგადი სისუსტე შეიძლება ხშირი იყოს ორსულობის პერიოდში, ამიტომ გამოკვლევის გარეშე რთულია განსაზღვრო, როდისაა ეს სიმპტომები პრეეკლამფსიის მანიშნებელი. დროული ვიზიტი ექიმებთან დაგეხმარებათ ყველა გართულების თავიდან აცილებაში.